ქართული ნიჭი საერთაშორისო ასპარეზზე – თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს
საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული წარმომადგენელი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე მიემგზავრება. ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის სტატუსით იასპარეზებს.
საგანმანათლებლო რობოტიკის ასოციაციამ (ERA), რომელიც აღნიშნული ოლიმპიადის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, თორნიკე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მიიწვია. საერთაშორისო ღონისძიება 3-6 აპრილს გაიმართება საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ტექნოლოგები ერთმანეთს ცოდნასა და უნარებში შეეჯიბრებიან.
თორნიკე ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის აღსაზრდელია. მისი წარმატების გზაზე მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ხელმძღვანელს, იური ჩირგაძეს, რომლის მხარდაჭერითა და მენტორობით ახალგაზრდა ინოვატორი საერთაშორისო გამოწვევებისთვის მომზადდა.
დღეს, 2 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს დელეგაცია უკვე გაემგზავრა საბერძნეთის მიმართულებით. გუნდის წევრები მზად არიან, ღირსეულად წარმოაჩინონ ქვეყანა და მსოფლიოს წარუდგინონ ქართული ნიჭი, კრიტიკული აზროვნება და ტექნოლოგიური პოტენციალი.
MRC Global Olympiad ახალგაზრდა თაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოაჩინონ საკუთარი ინოვაციური იდეები და ტექნიკური უნარები გლობალურ დონეზე. საქართველოს გუნდის მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ ინტერესსა და პროგრესს ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით.










