იმერეთში, სოფლებში – სორმონსა და რიონში ხანძარი ლოკალიზებულია,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან iიუწყებიან.
უწყების ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
„ხანძარი ჩაის ბუჩქებს გაუჩნდა. ქრობის პროცესში ჩართულია 8 ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობას ღამის განმავლობაში ძლიერ ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.