2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია – ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
EMC-მ შრომის უსაფრთხოების საქმეებზე მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
მათივე ცნობით მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება.
როგორც ორგანიზაციიდან იუწყებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, 2016 წელს 133 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, 2017 წელს 163 შემთხვევას, ხოლო 2018 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199 ადამიანი.
“რაც შეეხება გამოძიების წარმოებას, შსს -ს თანახმად 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს 224 შემთხვევაში. გამოძიების დაწყების მიუხედავად საკამოდ დაბალი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი. კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.
ამგვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის პარალელურად, როგორც უკვე აღინიშნა მსგავსი კატეგორიის საქმეებში გამოძიება როგორც წესი საშუალო ან დაბალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით მიმდინარეობს და კონკრეტული საკითხების შესწავლა, რამაც შეიძლება მაღალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობა დააყენოს ნაკლებად მიმდინარეობს.” – ვკითხილობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.