ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას აჩენენ პოლიტიკურ პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონკურენციაზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე.
„მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები და არჩევანი გააკეთონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.
საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და მისი სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემით, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. პოლიტიკური სხვაობები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით, და არა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკური ოპონენტების გარიყვით…
შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა და მოახდინოს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციების იმპლემენტაცია, ამასთანავე, სერიოზულად განიხილოს „ვენეციის კომისიის” რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმა იქნება მოსმენილი.
ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ ჩაერთონ არსებით დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისგან და მწვავე რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ „ოდირის” მიერ გაცემული რეკომენდაციები კონკრეტულ საფუძველს ქმნის ნდობის აღდგენისთვისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის,” – განაცხადა პოტურაევმა.










