ჟურნალისტების გაკონტროლების მცდელობად აფასებს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველს“ 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ნოდარ მელაძე პირდაპირ ამბობს, რომ ტელეკომპანია ფინანსური კრიზისის გამო დაკისრებულ თანხას ვერ გადაიხდის, ამიტომაც თბილისის მერს, კახა კალაძეს, ფულის მისაღებად ტელევიზიის მიკროფონებსა და კამერებს სთავაზობს.
„ეს არის სასამართლოს მხრიდან მცდელობა, რომ გააკონტროლოს ჟურნალისტების კითხვები და ჟურნალისტები შებოჭონ საკუთარი გადაცემების წაყვანის დროს.
კახი კალაძეს შეუძლია, მოვიდეს „ტვ პირველში“. ტელეკომპანია ვერ გადაიხდის ამ თანხას. ანგარიშებზე გვადევს ინკასო და ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაა.კახი კალაძეს შუეძლია, მოვიდეს და აღსრულების სამსახურს მოსთხოვოს, რომ წაიღოს მიკროფონები, კამერები, რომლითაც ის ამოიღებს სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას,“- ამბობს ნოდარ მელაძე.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს, კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა. თბილისის მერი “ტვ პირველის” წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.