ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. ინფორმაციას ,,გურია ტვ” ავრცელებს. 5 წლის და 2,7 წლის ბავშვებს, რომლებიც ძმები არიან, თავს ქუჩის ძაღლი დაესხა. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსი ბიჭუნას მდგომარეობა. ის რეანომობილით ქუთაისშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს მოხდა, როგორც ცნობილია, ბავშვთან ერთად დედა იმყოფებოდა, როცა მათ ძაღლი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, ცხოველი მეტისმეტად აგრესიული იყო. მან ბავშვის დაკბენა მოახერხა და ამ დროს დედა-შვილს მეზობელი მიეშველა. იმ მომენტში კი როცა მცირეწლოვანს ავტომობილში სვამდნენ, რათა კლინიკაში გადეყვანათ, აღმოჩნდა, რომ ძაღლი იქვე, დედა-შვილის საცხოვრებელ სახლთან მეორე ბავშვს დაესხა თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. დედამ მეორე შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ამ დროის მონაცემებით, უფროსი ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არა აქვს, თუმცა მძიმეა უმცროსი ბავშვის მდგომარეობა, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებულიო. ბავშვს ამჟამად კვლევებს უტარებენ. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოქალაქეები შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ითხოვენ.










