ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება, – ამის შესახებ ზუგდიდის მერიიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, გორაზე დიდი არქიტეტურული კომპლექსი აღმოაჩინეს, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.
არქეოლოგიურ გათხრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა ალექსანდრე მოწერელიას დეტალურად გააცნო არქოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები.
მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეშიც.
ცვანეს დიდ დიხაგუძუბაში ანტიკური ხანის ფენის და შუაბრინჯაოს ხანის ხის კონსტრუქციების შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას ანტიკური ხანის ხის სამლოცველო არსებობდა, რომელიც თიხით იყო გალესილი, შენობა ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა. ამ ადგილზე აღმოჩენილია რკინის და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები, ქვის საფქვავების დეტალები, ქსოვისთვის გამოსაყენებელი ნივთები, მოპოვებულია საბერძნეთის სხვადასხვა ცენტრებიდან იმპორტიებული თიხის ნაწარმები. სიახლეს წარმოადგენს გათხრების შედეგად აღმოჩენილი იბერიული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც აქამდე კოლხეთის დაბლობზე აღმოჩენილი არ იყო.
ცვანეს დიხაგუძუბა წარმოადგენს უნიკალურ, ძეგლს, სადაც თითქმის უწყვეტად წარმოდგენილია შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრეანტიკური და ელინისტური პერიოდების კოლხეთის ისტორიის ამსახველი არტეფაქტები.