ჩინეთში მეცნიერებმა ღამურებში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი COVID-19-ის მსგავსია და მისი გენეტიკური სტრუქტურა შეიცავს მუტაციებს, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს გადამდებობაზე.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ახალი შტამის ადამიანებში გადადების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არის, თუმცა მეცნიერები აქტიურად იკვლევენ მის პოტენციურ საფრთხეს.
კვლევა ჩატარდა გუანჯოუს ლაბორატორიაში, გუანჯოუს მეცნიერებათა აკადემიის, უხანის უნივერსიტეტისა და უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად.
ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მას ადამიანის უჯრედების, ფილტვისა და ნაწლავის ქსოვილების ინფიცირება შეუძლია.
კორონავირუსის რამდენიმე ასეული ტიპი არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის SARS, SARS-CoV-2 და MERS ტიპები ვრცელდება ადამიანებზე. თუმცა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ვირუსის ტიპი მნიშვნელოვნად სუსტია და ადამიანებში ფართოდ გავრცელების რისკი მცირეა.
სპეციალისტები მოუწოდებენ ხელისუფლებებს, განაგრძონ ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის მკაცრი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პანდემიური სცენარი.










