უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ციხეშია. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა.
“ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულს შეუფერხებელი წვდომა აქვს. ჩვენ უკვე გვქონდა მასთან რამდენიმე საუბარი, სადაც ნათლად გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია”, – განაცხადა კულებამ.
მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა საქმის სამართლებრივ მხარეს სწავლობს და ირჩევს ალგორითმს, რომელიც იქნება გამოყენებული.
“მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში. ამიტომ, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომელი გზით შეიძლება წასვლა, და ეს, შესაძლოა, იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ ჩვენ ამის შესახებ შეგატყობინებთ”, – განაცხადა კულებამ.










