რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.
bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:
- „თელიანი ველი“;
- „თბილღვინო“;
- „ძმები ასკანელები“;
- „ვაინმენი“;
- „ქართული ლუდის კომპანია“;
- „კოკა-კოლა“;
- „ნაბეღლავი“.
დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“









