ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების უწყვეტი აქციის 215 დღე – პროტესტს აქტივისტები ჰესის მშენებლობის შეწყვეტამდე არ აპირებენ.
დღეიდან აქციის მონაწილეები ხეობას იმაში დასარწმუნებლად დაათვალიერებენ, რომ კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ნამდვილად შეაჩერა. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება გასულ ღამით, ხეობაში პოლიციის მიერ დაკავებული 8 პირი. ისინი სამართალდამცავებმა საპოლიციო ჯებირის გადაკვეთის გამო დააკავეს.
“სხვა რა დაგვრჩენია – უნდა ვაპროტესტოთ და ვაპროტესტოთ, ჩვენ არ ვემორჩილებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ ამ ქვეყანაში მონები და შევეგუოთ ყველაფერ უსამართლობას – მიწის გაყიდვას, გასხვისებას,”- აცხადებს მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მაკა სულაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ზაალ გორგიძის განცხადებით, აქტივისტები სრულიად უკანონოდ დააკავეს.
“სრულიად უკანონოდ იქნა პირები დაკავებული პოლიციის მიერ. ისინი გადაიყვანეს. დილით მათ ადვოკატები მოინახულებენ და სავარაუდოდ, ხვალ იქნება მათი სასამართლო პროცესები,”- განაცხადა ზაალ გორგიძემ.










