მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას – ჩვენ ვიცით რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს, ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მისი თქმით, ილუზიაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ 30-დღიან პატიმრობას გამოიყენებენ და ამით ადამიანებს გააჩუმებენ.
„ეს მე კი არ მეხება მხოლოდ – ყველას ეხება, აბსოლუტურად. გავიხსენებ იმ სიტყვების ჩამონათვალს, რომლის გამოც ტელევიზიებს აჯარიმებენ, 93-ია, მაგრამ გაცილებით მეტია, სინამდვილეში. არც ერთი სიტყვა, რომელიც არის კრიტიკული, მათთვის არასდროს არ იქნება მისაღები. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას. ადამიანები ყოველთვის იტყვიან თავის სიტყვას ამ ქვეყანაში. ამიტომ სრული ილუზიაა, რომ 30 დღით იქნება თუ რამდენიც უნდა იყოს, ამ პატიმრობას მიუსჯიან ადამიანს და შემდეგ ის გაჩუმდება, ეს ასე ვერ მოხდება ვერასდროს. ასე რომ, რამდენი პატიმრობაც უნდათ იმდენი გამოწერონ, ფურცელზე, რაც უნდათ ის დაწერონ და ის წაიკითხონ – ჩვენ ვიცით ჩვენ რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს ამას, ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის. მისი ლექსიკონი ჩვენ არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ვახო სანაიამ.
ვახო სანაია მიიჩნევს, რომ ის, რასაც მას შსს ედავება, სამართალდარღვევა არ არის.
„ეს ჩემი მესამე პატიმრობაა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი დაშინება ამისგან არ გამოვა. უბრალოდ ეს მათი გზავნილია საზოგადოების მიმართ, რომ ადამიანებმა არ წერონ და არ ილაპარაკონ. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის სრულიად უპერსპექტივო, ამას მომავალი არ აქვს, მომავალი აქვს იმას, რომ საზოგადოება ყოველთვის გამოთქვამს თავის აზრს, ვერავინ ამას ვერ ჩაახშობს ვერანაირი მეთოდით, ვერანაირი ფორმებით. ეს არ არის სამართალდარღვევა და რაც დავწერე იმას გავიმეორებ მილიონჯერ და მიზანი იყო ადამიანებისთვის დამერქმია ის სახელი რაც ჰქვიათ, მეტი არაფერი“.- განაცხადა სანაიამ.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა ჟურნალისტი, ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.









