ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ადვოკატმა მარიამ ლევიძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მისმა კლიენტმა თვითმკვლელობა სცადა. სწორედ ამიტომ ადვოკატმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ მის კლიენტზე შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა, რაც მტკიცებულებებზე დაყრდნობილი არ ყოფილა.
“საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩენილიყო. ჩემი კლიენტი უსამართლობას და ცილისწამებას ვეღარ უძლებს და თვითმკვლელობა სცადა, მე კი შიმშილობა გამოვაცხადე”, – განაცხადა მარიამ ლევიძემ “ინფრო იმერეთთან” საუბრისას.
ცნობისთვის, 2 თვის წინ იმერეთში ორი მამაკაცი დააკავეს. მოზარდი ამტკიცებდა, რომ მამა და ბიძა მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
ასევე არასრულწოვანის ემიგრაციაში მყოფი დედა თავადაც ადასტურებდა რომ მამა, ბიძა და ბიცოლა ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
თავის მხრივ, ბიცოლა ბავშვების დედას შვილების მიტოვებაში ადანაშაულებს. მამაკაცების დაკავების შემდეგ ოჯახის წევრებმა წყალტუბოს პოლიციის შენობასთან აქცია გამართეს.










