საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ნამოხვანის ჰესების მშენებლობასა და ამ საკითხის ირგვლივ არსებულ სახალხო პროტესტს ეხმიანება.
“ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ადამიანების დარბევა. ვცდილობდი, ნამოხვანის ჰესების საკითხზე ღიად არ მესაუბრა, მაგრამ დღეს სხვა გზა არ დამრჩა. იმ დარბევის შემდეგ, ჩემი საქციელი იქნება ყოვლადუღირსი, თუ ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას ეს კუთხე. თუ სიმართლე ხელისუფლების მხარეზეა, ის შეგიძლია არგუმენტებით დაიცვა, არ არის საჭირო ხალხის ცემა. ამით მეც თავში ჩამარტყეს…
იქ არის სეისმური ზონა. გვახსოვს 8 ბალიანი მიწისძვრა რაჭაში (1991 წელს). რაღაც რომ მოხდეს, ნამოხვანის ჰესების კაშხლები გათვლილია 5 ბალზე. ჯერ-ჯერობით არცერთი დასკვნა არაა რეალურად დადებული. იქ სულ კარსტული მღვიმეებია, სიცარიელეა მთებს ქვემოთ. თუ დამბამ მიწისძვრას გაუძლო, შესაძლოა წყალი ამ მღვიმეებში გაიპაროს და ამოავსოს. ამ მღვიმეების მხოლოდ ერთი ნაწილია პრომეთეს მღვიმე.
ჩემთან მოვიდნენ კომპანია „ქლინ ენერჯის“ წარმომადგენლები და ითხოვეს შეხვედრა. ჯერ ეს კომპანია იყო ინვესტორი, ვიდრე ამ პროექტს „ენკა რინიუებლზს“ გადაულოცავდნენ. სურდათ აეხსნათ, რა სიკეთე მოაქვს ნამოხვანის ჰესების კასკადს. შეხვედრაზე დავთანხმდი, ოღონდ ჩვენთვის სანდო სპეციალისტების თეა გოდოლაძის, ნინო ჩხობაძის, მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მთავარი იყო გეოლოგიური კვლევა. დაგვპირდნენ, ამაზე ვმუშაობთ და მოგიტანთო. არაფერიც არ მოუტანიათ…
ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიგეგმა, მაგრამ მაშინ დაიბლოკა გარემოზე ზემოქმედების, მდინარის თავისებურებების, ქუთაისის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით. სააკაშვილის ხელისუფლებამ „ნაფტალინიდან“ ამოიღო ეს პროექტი და ხელახლა შემოიტანა. მოსახლეობა შფოთავდა, რადგან ახსოვდათ, წლების წინ რატომაც დაიბლოკა. მაშინ მე დავესწარი შეხვედრას ცაგერის კულტურის სახლში, ხელისუფლების, კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ. როცა უსაფრთხოებაზე დაისვა კითხვები, ექსპერტები ვერ ასაბუთებდნენ. 2012 წელს, „ქართული ოცნება” რომ ატარებდა წინასაარჩევნო შეხვედრებს, მაშინ ითქვა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა უნდა შეწყდეს. თან ნამოხვანის კასკადი ერთი ჰესი არ არის, ჯერ სამი უნდა ყოფილიყო და ახლა ორზე დაიყვანეს. ოღონდ, ენგურჰესის შემდეგ, მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესი გამოდის. მეორედ, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა უკვე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დროს ჩატარდა. არადა, მანამდე ამბობდნენ, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო. ამ შეხვედრაზეც მივედი. გამორიცხულია, რომ არ დავსწრებოდი. მთელს ლეჩხუმსა და იმერეთს ეხება. იტბორება ჩვენი ეპარქია და თუ დაინგრა, ქუთაისსაც წაიღებს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.










