საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი მეუღლე, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სიმშვიდესა და რწმენას ინარჩუნებს.
ის ყოფილ მეუღლეს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე.
არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“,- წერს სანდრა რულოვსი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
აგრეთვე, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.
1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.









