,,ასე გამოიყირება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები.
ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით.
წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ამბავი და თუ ვინმე კომპეტენტური მეტყვით, რომ ეს ყველაფერი არასაჭირო ნივთია ცოტას დავმშვიდდები.” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ბარამაშვილი და ფოტოებს აზიარებს.

საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე მდებარე ლევილის მამული საქართველოს 25 წლიანი ისტორიული პროცესის შემდეგ 2016 წელს დაუბრუნდა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული (Leuville-sur-Orge) აქტუალური გახდა 2022 წლის მაისშიც, როდესაც მოქალაქე ანი კალმახელიძემ სოციალურ ქსელში ლევილიდან ფოტოები გამოაქვეყნა.
„როგორც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად გაჩანაგებულია ყველაფერი. ეს ისტორიული სახლი, უბრალოდ ნაწილებად იშლება და ეზოს სარეველა ფარავს“, – წერდა. კალმახელიძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.
ლევილის მამული 2021 წლის 27 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართვაში კულტურის სამინისტროს გადასცა.
,,რადიო თავისუფლების” ინფორმაცით, რომელიც მედიას კულტურის სამინისტრომ მიაწოდა, მამულის რეაბილიტაციის პროექტზე ფრანგული კომპანია მუშაობს. სამინისტრო იმ დროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიზუალურ მასალას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ფოტოები არ ასახავს შატოს ამჟამინდელ მდგომარეობას.
„როგორც ცნობილია ლევილის მამული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადმოეცა 2021 წლის ზაფხულში. ამჟამად, კულტურის სამინისტროს დაკვეთით, ფრანგული კომპანია მუშაობს მამულის რეაბილიტაციის პროექტზე. მიმდინარე წელს ლევილის შატოს პროექტისთვის გამოყოფილია 3 500 000 ლარი, საიდანაც ამ ეტაპზე დახარჯულია 49 429.11. დარჩენილი თანხა შატოს რეაბილიტაციის პროექტისთვის არის განსაზღვრული, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ფრანგული კომპანიის მიერ მუშავდება. საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ მამულის სრულ რეაბილიტაციას მოახდენს 10 წლის განმავლობაში (2026 წლამდე) და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, – აცხადებს კულტურის სამინისტრო, – პროექტის მიხედვით, მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს – აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი“. – ნათქვამი იყო კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
ლევილ-სიურ-ორჟი არის სოფელი საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის ესონის დეპარტამენტში. პარიზიდან 26 კმ-ზე. 1922 წლიდან აქ ცხოვრობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის გამო ემიგრირებული ქართველები, აქვე ინახებოდა ქართული საგანძური, რომელიც 1921 წელს გაიტანა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ. ლევილში ქართველთა სათვისტომო მამულის მეპატრონე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი. ლევილში ქართველთა სასაფლაოს მოწყობა იყო ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივის შედეგი, რის გამოც მას „ლევილის დედა“ შეარქვეს.










