დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ დაადასტურებს ისეთ პროდუქტს, რომელიც მოსახლეობისთვის საზიანო იქნება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ადგილობრივი წარმოების ერთჯერადი პირბადეების სერტიფიცირების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლებსაც ფონდი “ქართუ” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
მისივე თქმით, პირბადეები არა ქუჩაში სიარულისას, არამედ მაღაზიებსა და აფთიაქებში უნდა ვიხმაროთ.
“ლუგარში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის ქვეყანაში ყველაზე მძლავრი დეპარტამენტი ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების. ყველაზე გამოცდილი ხალხით, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და ისინი ასწავლიან რა პირბადე უნდა გაიკეთონ, რა დაცვის საშუალება უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა იმუშაონ საშიშ ინფექციასთან. ისინი მუშაობენ ბევრად უფრო საშიშ ინფექციებთან. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, როდის რა გაიკეთონ და ამას ასწავლიან სხვებს. ძალიან ვთხოვ მე, სხვები ნუ გვასწავლიან ჩვენ რომელს დავუდასტუროთ. არასდროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იკადრებს იმას, რომ ვინმეს დაუდასტუროს ისეთი რამე, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება საზიანო, ამიტომ ეს, რაც მე ვიცი ბოლო შემოსული სამშრიანი საკმაოდ კარგი პირბადე მიიღებს დასტურს, რომ ის ქვეყანამ გამოიყენოს. უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე, სასურველია მაღაზიებში, აფთიაქებში, ოჯახში თუ აუცილებელი იქნება ვინმესთან მისვლა – აუცილებლად გვქონდეს პირბადე. გამოვიყენოთ პირბადეები ამ ტიპის კონტაქტისას და არა ქუჩაში სიარულისას”,-აღნიშნა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანია „რესპირატორმა” ერთჯერადი სამშრიანი სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.