ოკუპირებულ გალში აინარ ცვიჟბას მიერ მოკლული ნათია ბახტაძის საქმეზე ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გალში არსებულ განუკითხაობას შეწირულ 28 წლის ნათია ბახტაძეზე უნდა მოგიყვეთ ისევ:

ის მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მანქანაში “სალაპარაკოდ” ჩაისვა, რადგან იცოდა, რომ ნათიას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და 3 აგვისტოს თბილისში აპირებდა წასვლას. კიდევ ერთხელ სცადა შერიგება, როგორც ამბობს, ცოლობაც სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

და რა მოიმოქმედა ამის შემდეგ აინარ ცვიჟბამ, გალის რაიონში ფქვილის ბიზნესის მაგნატის შვილმა? გოგონა გაიტაცა, ჩაუკეტა მანქანის კარები, შემდეგ სადღაც გააჩერა, უკანა სავარძელზე გადაჯდა და სცემა – გოგონამ მანქანის ძგიდეს მიარტყა თავი და ცვიჟბას ეგონა, გონება დაკარგა, არადა, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იყო შოკისგან და სუნთქვის უკმარისობით – ჩაკეტილ სივრცეში, ბოლომდე აწეულ გვერდითა საქარე მინებში.

სათვალთვალო კამერებზე ჩანს, რომ ცვიჟბა მანქანას აჩერებს, მარკეტში შერბის და წყალს ყიდულობს, მერე უკანა სალონში ჯდება და კარგა ხნის მერე გადმოდის ტელეფონით ხელში, ბოლთას სცემს და ლაპარაკობს (ცხადია, ხმა არ ისმის).

სალონში მან, სავარაუდოდ, ქალის მოსულიერება სცადა, მაგრამ ვერ შესძლო, ხოლო როცა დარწმუნდა, რომ მოკლა, წავიდა “ზარი ახლობელთან”. ეს ახლობელი მისი სიძე იყო, გალის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, ასევე მამამისი. ამის შემდეგ ეს ორი პირი, მინიმუმ, მკვლელობის დაფარვისთვის უნდა იყვნენ დაკავებული, მაგრამ აინარის სიძემ და მამამ გეგმა დააწყვეს: ჯერ გალისკენ მოაბრუნებინეს მანქანა მას, შემდეგ ცხედარი გადამალეს ისეთ ადგილას, რომ დიდი ალბათობით, ვერ იპოვიან (ისედაც მღელვარება მოჰყვა ამბავს და ცხედრის პოვნა, დატირება, დაკრძალვა, უკმაყოფილო ხალხის შეკრება ნათიას ცხედრის ირგვლივ გალში არავის აწყობს, ყველა ვნებების ჩაცხრომას ელოდება).

აინარ ცვიჟბას მამამ – ენვერმა (რომელმაც მეორე დღეს გალში, სალონში, თმები შეიჭრა, ხალხს დაენახა, ვითომც არაფერი მომხდარა) მისი შვილი აღიარებითი ჩვენებით მიიყვანა მილიციაში, თან საქმის მოკვარახჭინებას დაჰპირდა.

აინარ ცვიჟბამ თქვა (ასე დაარიგეს), რომ ნათიამ ცოლობაზე უარი უთხრა, გაბრაზდა და ხელი ჰკრა, მან თავი კარს მიარტყა და გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვითომაც ეს ვაჟბატონი შეშინდა, ავიდა ვარდნილჰესის კასკადებზე, ნათიას აკოცა, ბოდიში მოუხადა და ენგურში გადააგდო…

ახლა აინარ ცვიჟბას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მანამდე გარეთ დარჩენილი თანამონაწილეები იჩალიჩებენ დასკვნას, რომ ის ფსიქიკურად მთლად ჯანმრთელად ვერ არის და გადაიყვანენ ფსიქიატრიულში ან მოსამართლე განზრახ მკვლელობის მუხლით არ გაასამართლებს, “შემოაკვდას” მუხლით წავა გასამართლება, გავა ცოტა ხანი და სულაც გამოუშვებენ – მე შენ გეტყვი და, რამე შეუშლით ხელს.

და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ნათია ბახტაძე ეთნიკურად ქართველი იყო, დედასთან ცხოვრობდა და არც პერსონალურად შურისმაძიებელი ჰყავს ვინმე, ვერც სამართალი შეჭამს პურს…

აი, ასეთ რეგიონად იქცა ჩვენი ქვეყნის ერთი ყველაზე ლამაზი და ერთ დროს სტუმართმოყვარე მხარე – სრულ ჯოჯოხეთად იქ დარჩენილი ქართველებისთვის – იმასაც კი არ აკეთებენ, რომ დედას შვილის ცხედართან გლოვის, დაკრძალვისა და საფლავზე სიარულის საშუალება მისცენ…

აბა, ნათია ეთნიკურად აფხაზი ყოფილიყო? იქ ამბები ატყდებოდა – მტრისას და ავისას…

ხომ არ გეცნობათ, რომელი დიდი, აგრესორი ქვეყნის პატარა, მიმბაძველ რეგონად იქცა აფხაზეთი?

ნათიას ცხედარს კი, ჩემი აზრით, ძალიან ყასიდად ეძებენ. გამიხარდება, თუ იპოვიან მაინც და დედას მიეცემა შვილის დატირების “ნებართვა”.
ვნახოთ…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
ცნობისთვის, 28 წლის ქალი გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ იამზე აგუმავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც შვილის ძებნაში დახმარებას ითხოვდა. პირველ აგვისტოს, დაახლოებით, დღის 16 საათზე, დააკავეს ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი 30 წლამდე ოჩამჩირის მკვიდრი მამაკაცი, აინარ ცვიჟბა. მან დანაშაული აღიარა და თქვა რომ ცხედარი რეჩხის წყალსაცავში გადააგდო. ცხედარი ჯერჯერობით არ უპოვიათ, რეჩხის წყალსაცავში სამძებრი-სამუშაოები მიმდინარეობს.