უმცროსი სერჟანტი
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1986 – 2008
ცხინვალის მისადგომებთან, ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეგობრების გამოყვანის დროს დაიღუპა – მერაბ თუთისანი, 22 წლის ვაჟკაცი, გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო და შეეწირა კიდეც თავი საყვარელ საქმეს. „თუთი“ – ასე მიმართავდნენ მას მეგობრები.
თინა ფხაკაძე, დედა: „მერაბი, ქალაქ ხონში 1986 წლის 12 თებერვალს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა.
….
შეყვარებული ჰყავდა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მეგობრის მეჯვარე იყო და იქ გაუცვნია ის გოგო. ტელეფონზე წერდა წერილებს. ,,ყველაფერი მალე დასრულდება და სულ ერთად ვიქნებითო“.
მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, სამხედრო საქმეს გაჰყოლოდა. აკადემიაში სწავლის პერიოდში, სერტიფიკატები და მადლობები ჰქონდა მიღებული თურქი ოფიცრებისგან.
სამხედრო აკადემიაში სწავლის დროს თბილისში გააუქმეს აკადემია და ამის შემდეგ მოაწერა ხელი ოთხწლიან სამსახურს.
მსახურობდა ქუთაისის სამხედრო ბაზაზე, 32-ე ბატალიონის ქვეით ბრიგადაში. 2007 წელს გააგზავნეს ერაყში, სამშვიდობო მისიით.
2008 წლის აგვისტოში ბათუმში მუშაობდა ინსტრუქტორად.
საშინელებაა საკუთარ შვილზე წარსულ დროში საუბარი. მიკვირს, რატომ ვარ ცოცხალი.”-ამბობს მერაბ თუთისანის დედა.










