კვიპროსის პოლიციამ ბრალი წაუყენა 4 ადამიანს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Cyprus Mail ავრცელებს.
ბოროტმოქმედებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ქალაქ ლიმასოლში 12 წლის ბავშვი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შედეგად გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციამ მოსახლეობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ვირუსულად გავრცელდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციას კვიპროსის სამედიცინო ასოციაციამ მიმართა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბრალი 4 ადამიანს წაუყენა.
ერთმა ადამიანმა შეტყობინება Facebook-ში დაწერა, სამმა კი გააზიარა, რის შემდეგ ცრუ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 2,6 ათას ევრომდე ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.