“ქუთაისი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ განცხადებას” ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქუთაისში პროტესტი ყოველთვის იყო მშვიდობიანი ფორმით.
მშვიდობიანმა ფორმამ ასობით და უკვე ათასობით განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანი გააერთიანა. ეს ადამიანები აქციებზე თავიანთ შვილებს მარტოებსაც კი უშვებენ.
ამხელა ნდობა დიდი პასუხისმგებლობაა.
არასდროს შესულა რომელიმე დემონსტრანტი პოლიციელებთან რაიმე ტიპის კონფლიქტში.
არც პოლიციელებისგან ყოფილა რაიმე ტიპის ზეწოლა.
მაგრამ ჩვენ გვახსოვს და არასდროს დაგვავიწყდება მიშიკო მუმლაძის უკანონო “დაკავება”!
არავის გვაქვს ილუზია, რომ ისინი დაგვინდობენ ბრძანების მიღების შემთხვევაში.
თბილისის პროტესტის პარალელურად მათდამი ნდობა ნულდება უამრავ ადამიანში.
გუშინ 17 წლის ბიჭი დააკავეს. დაკავების მიზეზი იყო პოლიციელის მიმართულებით რაღაც საგნის სროლა.
ბიჭი გადაყვანილია ზესტაფონის იზოლატორში. მასთან დაკავებიდან მალევე მივიდა ადვოკატი. ადგილზე მივიდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ყველა. მაგრამ მხოლოდ ოჯახთან კოორდინაციაში. მით უფრო არასრულწლოვანი. ამიტომ ყველა ქმედება შეთანხმებულია ოჯახთან (დედასთან).
სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. გაცნობებთ აუცილებლად.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.










