სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ იმერეთში ბლოკ-პოსტები მოინახულა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
გასულ დღეებში 15-მდე პირი კომენდანტის საათისა და ავტომანქანაში რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდა. შალამბერიძის თქმით, კონკრეტული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის სპეციალური დროების გამოყოფაზე დღეს იმსჯელებენ. გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. რეგიონს კი მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვს, რისთვისაც სადისტრიბუციო მანქანები სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან.
“თერჯოლაში გვაქვს კორონავირუსის სამი ახალი დადატურებული შემთხვევა, ყველა, ვინც ინფიცირებულების კონტაქტებად მოიაზრებოდა იყო თვითიზოლაციაში, მათ შორის ეს ადამიანებიც და თავისთავად რისკი, რომ სოფელში ეპიდაფეთქება მოხდეს, არ არსებობს, თუმცა გადავხედავთ ვითარებას და დღის ბოლომდე გადაწყდება როგორ ვიმოქმედებთ, გავამკაცრებთ თუ არა, თუ არსებული სიტუაცია დარჩება. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებას, ჩვენთვის ახლა მთავარი არიან ის ადამიანები, ვისაც გადაადგილების საშუალება არ აქვთ და მოძრაობის აუცილებელი საჭიროება უდგათ, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება. ცხელი ხაზის ნომერია 144 და ყველა ადამიანს შეუძლია, ამ ნომერზე დარეკოს, იქედან ხდება გადმომისამართება მუნიციპალიტეტებთან, მერე ვახდენთ რეაგირებას და ვეხმარებით ამ ადამიანებს. საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივება გამოწვეულია იმით, რომ როგორც ჩვენი მედიკოსები აცხადებენ, კორონავირუსის პიკი ჯერჯერობით დამდგარი არ არის და სანამ სიტუაცია არ იქნება ბოლომდე კონტროლის ქვეშ, მანამდე ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. დღის ბოლომდე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ იმასთან დაკავშირებით რა სახის შეზღუდვები გაგრძელდება ან მოიხსნება, ძირითადად, გვინდა, რომ მივცეთ გადაადგილების საშუალება იმ ფერმერებს, ვისაც მიწების აქვს დასამუშავებელი და სხვადასხვა სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი, რათა თავიანთი საქმე გააკეთონ. როგორც მე ვიცი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 50-მდე ოჯახია.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.