ქუთაისში ცნობილი ექიმი მალხაზ ასათიანი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ექიმს ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან:
ქუთაისის სამედიცინო საზოგადოებამ და ქართულმა მედიცინამ დიდი პიროვნება, გამორჩეული პროფესიონალი და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელი ექიმი დაკარგა…
სასწაულად ნიჭიერი კაცი, სასწაულად! განსაკუთრებით დიდი დანაკლისია ეს ადამიანი ჩვენი ქალაქისთვის და დასავლეთის მოსახლეობისთვის, ვინც გარკვეულია მედიცინაში, მან იცის რასაც ვგულისხმობ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით…
მალხაზი ასათიანი იყო ექიმი, რომლის სახელი წარუშლელად უკავშირდება პროფესიულ ღირსებას, მაღალ სამედიცინო კულტურას, თავდადებასა და ადამიანებზე ზრუნვის განსაკუთრებულ მისიას. მან შექმნა კომბუსტიოლოგიის ისტორია ჩვენს ქალაქში. ათასი წინააღმდეგობის და ქარტეხილის მიუხედავად ის იყო იქ სადაც ყველაზე მეტად ტკიოდათ და დამწვრობით მიყენებულ ჭრილობებს გარდაქმნიდა სიცოცხლედ.
ბევრია ამ კაცზე სალაპარაკო, უკეთესად მისი მეგობრები დაწერენ და იტყვიან, მაგრამ დაკარგვით ის ყველამ დავკარგეთ…

ვისაც მასთან ჰქონია სამსახურეობრივი გადაკვეთა ან პაციენტი ყოფილა მისი, ის ხალხი დამეთანხმება, რომ მედიცინა მხოლოდ პროფესია არასოდეს ყოფილა ამ ადამიანისთვის. თეთრი ხალათი ნამდვილად იყო ამ კაცის ცხოვრების წესი, მოწოდება და უდიდესი პასუხისმგებლობა. ნამდვილად ბოლომდე დაიხარჯა და გაიღო ყველაფერი თავის პროფესიაში…მისი პროფესიული ავტორიტეტი, ადამიანური ღირსება, კოლეგიალობა და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება ის ფასეულობებია, რომლებიც დროს გაუძლებს. ათწლეულების განმავლობაში მის სახელს ურთულესი პაციენტების სიცოცხლე და იმედი უკავშირდებოდა…აი ასეთი კაცი იყო მალხაზ ასათიანი, გულიანი და ყველაგან კარგის მთქმელი რომ დატოვა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს. ვიზიარებ მათ ტკივილს და ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
მალხაზი ექიმო, მადლობა იმ სიცოცხლეებისთვის, რომლებიც გადაარჩინეთ, იმ იმედისთვის, რომელიც ადამიანებს აჩუქეთ და იმ ღირსეული პროფესიული გზისთვის, რომელიც გაიარეთ და ჩვენც გაგვიზიარეთ უმცროსი თაობის ექიმებს.
ნათელი და მარადიული ხსოვნა თქვენს სულს, მშვიდობით ექიმო – წერს არჩილ ჯალაღონია.