ქუთაისური ჯგუფი Four Lines მარსელში კინომუსიკა ფესტივალის მონაწილეა – ინფორმაცია venue.ge ავრცელებს.
გაზაფხულთან ერთად, მარსელში მუსიკისა და კინოს დღეები დგება. მარსელის კინომუსიკის ფესტივალი უკვე წლებია გამორჩეულია ევროპაში თავისი არსით და კონცეფციით. შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთადერთი ფესტივალია ევროპის მასშტაბით, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია კინო-უსიკაზე, მუსიკალურ კომპოზიეციებსა და მათ შემქმნელებზე. ფესტივალი ეძღვნება მუსიკის, ხმისა და გამოსახულების ურთიერთობას კინოში, და ცდილობს კინოკომპოზიტორების, რეჟისორების ერთმანეთთან დაკავშირებას. ფესტივალი არის, ვორქშოფების, სამუშაო შეხვედრების რეალური ადგილი. იგი ყოველწლიურად აერთიანებს 500-მდე კინოპროფესიონალს. ფესტივალი მოიცავს ვორქშოფებს, ინდუსტრიულ პლატფორმებს, მხარს უჭერს მუსიკოსებს, კინოკომპოზიტორებს და აძლევს განვითარების შესაძლებლობას.
წელს, მარსელის კინოსა და მუსიკის ფესტივალმა საკონკურსო სექციაში აირჩია ქართველი რეჟისორის, სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,გუშაგები”, პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი. ფილმისთვის ორიგინალური საუნდტრეკის შემქმნელები, ჯგუფი Four Lines, რეჟისორთან ერთად, ფესტივალმა სტუმრად მარსელში მიიწვია.
ჯგუფი Four Lines ინსტრუმენტალური ჯგუფია, რომელიც ოთხი წევრისგან შედგება (აქედან 3 არის და) და აერთიანებს სამ აკუსტიკურ – ვიოლინო (ნათია მაღლაკელიძე), ფლეიტა (თამარ მაღლაკელიძე), ფორტეპიანო (ნანა ყურაშვილი) და ელექტრო ინსტრუმენტს – Seaboard Rise (ხატია მაღლაკელიძე). ფოლკლორსა და სხვადასხვა ჟანრის მოტივებს თანდართული თანამედროვე ხედვა, ბუნების ხმებით შთაგონებული ეფექტები, აკუსტიკური და ელექტრო ხმების სინთეზი და ასევე ჯგუფის ექსპერიმენტული ხასიათი Four Lines-ს მუსიკას უნიკალურს ხდის.
Four Lines 2017 წელს შეიქმნა და გამოსცა ალბომი ,,ქარის ხმა“, რომელიც ცხრა კომპოზიციისგან შედგება. ამავე წელს ჯგუფის და ალბომის პრეზენტაცია შედგა ესტონეთში არსებულ საერთაშორისო ფესტივალზე ,,Tallin Music Week”, რამაც მას აღიარება მოუტანა საერთაშორისო მასშტაბით.
ჯგუფი მუსიკას წერს ფილმებისთვის. მონაწილეობს რეგიონალურ თუ საერთაშორისო ფესტივალებში. ქმნის მუსიკას და თავად ასრულებს მას სხვადასხვა გამოფენაზე, ექსპერიმენტულ-თეატრალურ წარმოდგენებსა თუ პერფორმანსებზე.
ერთ-ერთი წინა ფილმი, რომლის მუსიკაზეც ჯგუფმა Four Lines იმუშავა არის ,,აპოლო ჯავახეთი”, რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი. ფილმის მსოფლიო პრემიერა IDFA ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
მარსელის მუსიკისა და კინოს ფესტივალი 4-9 აპრილს საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართება. ჯგუფის წევრები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დახმარებით, ფესტივალზე გაემგზავრებიან.
Venue.ge









