,,ბევრი რამ გავაკეთეთ , თუმცა გამოწვევები კვლავაც ბევრია” აღნიშნა ქუთაისის მერმა, 2023წლის ანგარიშის წარდგენის დროს. იოსებ ხახალეიშვილმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც წარმატებულად თვლის და შედეგები ხელშესახებია.
ანგარიშში აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების მიზნით, 2024 წელს ქუთაისის მერია ორ მუნიციპალურ ავტობუსს შეიძენს, ქუთაისიდან აეროპორტში და პირიქით, აეროპორტიდან ქუთაისში მგზავრთა გადასაყვანად.
ქუთაისის მერმა განსაკუთრებული აქცენტი საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ პროექტებზე გააკეთა, რომელშიც ახალგაზრდები არიან ჩართულნი და მათი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებას უზრუნველყოფს.
აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოეწყო გზები, სკვერები და ქუჩები, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა პრემიერ მინისტრს გადაუხადა და ასევე, მოქალაქეებს გამოჩენილი ნდობისა და ჩართულობისათვის.
დასასრულს, აუდიტორიას ვიდეოანგარიშის პრეზენტაცია შესთავაზა, რომელიც ძირითადად პოზიტიურ ჭრილში იყო მომზადებული.
ანგარიშში ირიბად, გამოწვევების შესახებაც ითქვა, რომლის გადაჭრის ხედვები წარმოდგენილი არ იყო.
ქუთაისის მერის 2023 წლის ანგარიშის წარდგენას, რომელიც კითხვა-პასუხის ნაწილს არ მოიცავდა, მოწვეული სტუმრები, თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.










