გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პედაგოგი, ყველასთვის საყვარელი მარინა არაბიძე.
ის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. 48 წლის განმავლობაში მარინა არაბიძემ არაერთი თაობა აღზარდა.
მარინა არაბიძეს სოციალურ ქსელში მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები ემშვიდობებიან:
“შარშან ჩვენი გარდაცვლილი თანაკურსელების ხსოვნის საღამო გავმართეთ-სათითაოდ მოვიხსენიეთ შეკვეთილ წირვაში, შემდეგ კი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში რამდენიმე საათი დავუთმეთ ტკბილ- სევდიან მოგონებებს….
მარი, მარინა! როგორ ვიფიქრებდით, რომ გარდაცვლილთა ძვირფას აჩრდილებს სულ მალე შენც შეუერთდებოდი!ჩვენი დიდი მეგობრობა 1973 წლის აგვისტოში, ქუთაისის პედინსტიტუტის მისაღებ გამოცდებზე დაიწყო, როცა უამრავ აბიტურიენტს შორის ყველამ უმალ შეგამჩნიეთ და დაგიმახსოვრეთ მაღალი, სავსე, თეთრი გოგო, უჩვეულოდ თავმდაბალი და და ყურადღებიანი. მერე სტუდენტობის არაჩვეულებრივი წლები იყო, სულ გამოირჩეოდი შრომისმოყვარეობით, მონდომებით, კარგი სწავლით, განსაკუთრებული პიროვნული ხიბლით. სტუდენტობის წლებშივე დაქორწინდი და ბიჭიკო აშვეთიას სახით კიდევ ერთი ძვირფასი მეგობარი შევიძინეთ. შენი უფროსი ვაჟი, ვასო კი ჩვენი კურსის პირველი მოსწრება შვილი იყო.იმდენ მეგობარში მე რომ ამირჩიე ვასოს ნათლიად, როგორი ბედნიერი ვიყავი!რამდენი კეთილი მოგონება დაგვიტოვე თანაკურსელებს: ჩვენს ყოველწლიურ შეკრებებზე წაკითხული ლექსი-ექსპრომტები, შენი განუმეორებელი კეთილი იუმორი და სითბო. როგორი მოსიყვარულე და გულითადი იყავი, როგორ ამშვენებდი ჩვენს დიდ სამეგობროს!შენ არა მარტო თანაკურსელებს გვატკინე გული, მთელი ქალაქი გგლოვობს,მარი! შენ ხომ მესამე საშუალო სკოლის გამორჩეული პედაგოგი იყავი, ქართული ენისა და ლიტერატურის ცნობილი მასწავლებელი, თაობების აღმზრდელი და დამკვალიანებელი. ათეული წლების მანძილზე მიდიოდნენ გოგო-ბიჭები ცხოვრების გზაზე და მიჰქონდათ შენგან ნასწავლი ვეფხისტყაოსნის უკვდავი აფორიზმები, ილიასეული სიყვარული მშობელი ქვეყნისა, ვაჟასეული იდეალები, კლდიაშვილის ჰუმანიზმი, გალაკტიონის მუსიკა და სილამაზე… ვერ გივიწყებდნენ, რადგან შენ, მასწავლებელი, გულის უხილავი ძაფებით სამუდამოდ დაუკავშირდი მათ სულსა და გონებას.დიდი პედაგოგი იყავი, სკოლა იყო შენი მთავარი ციხე – სიმაგრე და აკი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მტკიცედ იდექი მასთან – შენი დიდი გამოცდილებით, სიყვარულითა და ერთგულებით.ღმერთო, ეს სტრიქონები მაინც რამ დაგაწერინა, მარი, უკანასკნელი სუნთქვა როგორ მოგვაწვდინე ამ სიტყვებით:
“..მაინც ღირს მოსვლა ქვეყნად…მაინც აქვს მოსვლას აზრი,უფალმა მიწყალობა,ვარ წუთისოფლის მგზავრი…
მგზავრი მიაღწევს სადგურს,
ვიცი,იყუჩებს გულიც,
ბოლო სადგურზე, ალბათ,
არც მტრობაა და შური…” – წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი სოციალურ ქსელში.
“არა მხოლოდ დამრიგებელი — საუკეთესო მეგობარი, ძვირფასი ადამიანი და უამრავი ბავშვისთვის მეორე დედა…
მარინა მას
ასე ვიცოდით ჩვენ ,ნათელი და სანთელი შენს სულს. მიყვარხარ”








