ქუთაისელმა ანი ნამგალაძემ, რომელსაც “ქართველი ჯულიეტა” უწოდეს მაყურებლებისა და მსენელების გულები დაიპყო.
ის უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით ყურადღების ცენტრშია.
20 წლის გოგონამ „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო შოუში „გვაჩვენე შენი ხმა“, სადაც იდუმალი პერსონაჟები მოგონილ ან რეალურ პროფესიას ირგებენ, უკვდავი კინოგმირი, ჯულიეტა გააცოცხდა. ანის „რომეო და ჯულიეტას“ ცნობილ ეკრანიზაციაში ჯულიეტას როლის შემსრულებლის ვიზუალიზაცია არ გასჭირვებია – ის საოცრად ჰგავს მსახიობ ოლივია ჰასის, რომელსაც „ყველა დროის ყველაზე ლამაზ გოგონას“ უწოდებენ.
ანი ნამგალაძემ ფრანგი მომღერლის, ინდილას ჰიტის „უკანასკნელი ცეკვა“ (Indila – Dernière Danse) ცოცხალი შესრულებით ჟიური და საზოგადოება აღაფრთოვანა.
ანი სტუდენტია, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს და მესამე კურსზეა.
როგორც ანი ამბობს, მას ხშირად ამსგავსებენ ჯულიეტას, თუმცა თავად ამ მსგავსებას ვერ ხედავს.
ანის თქმით, სიმღერა დედამ შეაყვარა და ის გახდა მისი შთაგონების წყარო. გოგონას თქმით, დედა თავად მღერის და ფორტეპიანოზე უკრავს.
“ძალიან ვნერვიულობდი, 8 წელია არ მიმღერია და არც სცენაზე ვმდგარვარ. იმისათვის რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე, ეს სირთულეები უნდა გადავლახო.” – ამბობს ანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანი ნამგალაძე სიმღერასთან ერთად უნივერსიტეტის თეატრშიც მოღვაწეობს და სამომავლოდ სურს კინოგადაღებებში მიიღოს მონაწილეობა.