საქართველოს მთავრობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზების მართვის წესების მასშტაბურ ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია გათვალისწინებული.
კერძოდ, მთავრობა გეგმავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მომზადებას, რომელიც როგორც დოკუმენტშია განმარტებული, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში ცვლილების, შესწორებისა თუ დამატების შეტანის თაობაზე მოქალაქეთა მომართვიანობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
მთავრობის განმარტებით, რეფორმის მიზანი საქმისწარმოების ეფექტურობის ამაღლება, პროცედურების გამარტივება და ფიქციური გარიგებების პრევენციაა.
- ცვლილების შედეგად, თუ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან დოკუმენტი მიღებული იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით, რითაც დასტურდება დოკუმენტის ნამდვილობა, მისი აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზება აღარ მოითხოვება. აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს სააგენტოს მიერ მონაცემთა ბაზის სრულყოფის პროცესს;
- დაზუსტდება, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სახელისა და გვარის მსგავსად, არ მიეთითება მკვდრადშობილი ბავშვის პირადი ნომერი და მოქალაქეობა;
- კანონს ემატება რეგულაცია გვარის შერჩევასთან დაკავშირებით მამობის დადგენის რეგისტრაციისას და განისაზღვრება იგივე წესები, რომლებიც მოქმედებს დაბადების რეგისტრაციის დროს გვარის განსაზღვრისას. ამასთან, განისაზღვრება, რომ, თუ პირს უდგინდება 10 წელს მიღწეული არასრულწლოვანის მამობა, ბავშვის თანხმობა საჭიროა გვარის ცვლილებისათვის;
- ცვლილების შედეგად, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მამად მითითებული პირის განცხადება აღარ მოითხოვება, თუ წარმოდგენილი იქნება დნმ-ის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის წარმოდგენა აგრეთვე სავალდებულო იქნება, თუ მამობის დადგენის შემდეგ დაბადების აქტის ჩანაწერში მამად უნდა მიეთითოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე აწ/და მამობის დადგენის შემდეგ ბავშვი ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში რეალური მდგომარეობის ასახვას და პირებს არ მისცემს შესაძლებლობას, არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ მამობის დადგენის რეგისტრაცია;
- ცვლილებით, ნაშვილების მშობლის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ბავშვის მიმართ რეგისტრირებული მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება ძალადაკარგულად, განურჩევლად იმისა, აღნიშნულის შესახებ მითითებული იქნება თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებაში. მოქმედი კანონით, რიგ შემთხვევაში, დაინტერესებული პირები არ მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით მამობის დადგენის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მამობის დადგენის აქტის ჩანაწერთან დაკავშირებით, რაც ღიად ტოვებდა აღნიშნული აქტის ჩანაწერის სტატუსს;
- არსებული რეგულაციით, ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ცვლილებით, ქორწინების რეგისტრაციისას გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებს დაემატება დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში, თუ დეპორტაციიდან/რეადმისიიდან გასული არ არის 5 წელი. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე, რაც არ მისცემს შესაძლებლობას პირებს, გვარის შეცვლის მიზნით იქორწინონ ფიქციურად და გვერდი აუარონ გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებს;
- ცვლილების შედეგად ნაშვილები უფლებამოსილი იქნება შეუზღუდავად მიიღოს ინფორმაცია, მხოლოდ თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მას მიეწოდა ინფორმაცია, რომ შვილად აყვანილია;
- ცვლილების შედეგად განქორწინების აქტის ჩანაწერი არ დარეგისტრირდება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მიმართ, რომლებიც ქორწინებაში არ არიან საქართველოს მოქალაქესთან, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებთან ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებთან, ან რომელთა ქორწინების აქტის ჩანაწერიც საქართველოში რეგისტრირებული არ არის, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს;
- შეიცვლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქის მომართვის შემთხვევაში განქორწინების რეგისტრაციის ვადები, რაც დაინტერესებული პირებისათვის გაამარტივებს პროცესს, როდესაც უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დამატებით 5 დღით ან 30 დღით მოცდა არ გახდეს საჭირო;
- 16 წლამდე არასრულწლოვანის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე განცხადების წარდგენის უფლებამოსილება, მშობლების გარდა, ასევე სხვა კანონიერ წარმომადგენლებსაც ენიჭებათ;
- თუ გვარს იცვლის ის მშობელი, რომლის გვარსაც ატარებს 10 წლამდე არასრულწლოვანი, ბავშვის გვარი იცვლება მშობლის გვარის ცვლილებასთან ერთად. შესაძლოა მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურდეს მხოლოდ საკუთარი გვარის შეცვლა, რის საშუალებასაც დღეს არსებული რეგულაცია არ იძლევა. ცვლილების შესაბამისად, გვარის შეცვლის შესაძლებლობა იქნება დამოუკიდებლად, როგორც მშობლისთვის, ასევე 10 წლამდე არასრულწლოვანი ბავშვისთვის.










