გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი და პედაგოგი, გაზეთ “მეოთხეს” ყოფილი რედაქტორი გივი გოგინაშვილი. გივი გოგინაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ჟურნალისტურ და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სიცოცხლის ბოლო წლები კი მშობლიურ სოფელ შილდაში გაატარა. ჟურნალისტი მარი ჩიტაია, მის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„გივი გოგინაშვილი – ,,მეოთხეს” პირველი ნომრით… ივლისში შევიკრიბეთ. დაბადების დღე მივულოცეთ და შემდეგი შეხვედრაც თითქმის დავგეგმეთ, ჩვენი გაზეთის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით – ისევ ერთად უნდა გვეზეიმა, უფრო დიდი შემადგენლობით!
სინამდვილეში ბატონი გივისთვის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდა!
მთელი შეგნებული ცხოვრება ჟურნალისტიკას მიუძღვნა. თბილისში, სტამბის შენობაში იბეჭდებოდა ,,მეოთხე” და ბინაც იქვე დაედო – გაზეთის პატარა ოფისი მუდამ ხალხმრავალი, მხიარული და ხმაურიანი იყო!
განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა საქმის მიმართ, აფასებდა რესპონდენტებს, უყვარდა და მხარში ედგა გუნდს, სამართლიანი და მიუკერძოებელი… მცირე წყენაც არ გვახსენდება, ღირსეულად ატარა რედაქტორის და კარგი მოქალაქის სტატუსი – ასეთი მემახსოვრება ყოველთვის ეს გულიანი, სიცოცხლეზე და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი – გივი გოგინაშვილი.
წლების წინ, როცა ქართულ პრესას გარკვეული მიზეზების გამო გაუჭირდა და ბევრი ჟურნალ-გაზეთი დაიხურა, ,,მეოთხეც” მათ რიგში მოექცა.
სიცოცხლის ბოლომდე ადევნებდა თვალყურს ჩვენს საქმიანობებს, ეხმიანებოდა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ნაცნობი გადაცემის ნაცნობ-უცნობ წამყვანებსა და გადაცემებზე გამოთქვამდა ობიექტურ აზრს, თავადაც მაღალი დონის პროფესიონალი!
გადის დრო, მაგრამ რჩება ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული, რომელიც
ქართული სტამბის ერთ პატარა რედაქციაში იწრთობოდა ბატონი გივის მონაწილეობით და დღემდე მოგვიყვანა!
შილდაში, გივი გოგინაშვილის მშობლიურ სოფელში ჩვენი სტუმრობაც ამ სიყვარულის გამოძახილი იყო, არ გვეგონა და სამუდამოდ ვემშვიდობებოდით თურმე….
ცოტათი შეზარხოშებული, გაბადრული სახით და ღიმილით, ჭიშკართან მდგომი, აწეული ხელებით და ბედნიერი ბატონიო გივი – ეს კადრი ფოტო ან ვიდეო ობიექტივში ვერ მოხვდა, მაგრამ მზერას არ გამოეპარა, რომ მერე შემენახა იქ, სადაც ლამაზი მოგონებებია!
მემახსოვრება! მშვიდობით ბატონო გივი გვემახსოვრები.
გვეყვარები მადლობა ამაგისთვის
მადლობა იმისთვისაც, რომ თავის დროზე ღირსეულად ემსახურეთ ქართულ ჟურნალისტიკას, როგორც გაზეთის მეშვეობით, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობით – ნიჭიერი თაობა აღზარდეთ!”