“ფორსაჟი 9”-ს პირველი ტრეილერი ეკრანებზე გამოჩნდა! ფილმი, რომლის გადაღებებიც 2019 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოსთვის. ტრეილერში მარტივად ამოიცნობთ თავისუფლების მოედანდ, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირებს. საქართველოში გადაღებულ კადრებს არაერთ მომენტში წააწყდებით.
ფილმში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი და შარლიზ ტერონი ასრულებენ, მოქმედება კი ინგლისში, საქართველოში, ტაილანდში და ამერიკაში მიმდინარეობს.
ქართულ გადაღებებს „ენკენი ფილმსი“, 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისსა და რუსთავში ახორციელებდა. გადაღებების პროცესში 350 უცხოელი და 2000-მდე ქართველი იყო ჩართული.
F9-ს მსოფლიო პრემიერია 2020 წლის 22 მაისს იგეგმება, მანამდე კი მაყურებელი კიდევ რამდენიმე ტრეილერსა და პრომოს იხილავს.
„ენკენი ფილმსის“ პროდიუსერები ამბობენ, რომ საქართველოში პირველი ჰოლივუდური ბლოკბასტერის გადაღება უკვე აისახა ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდაში. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ამ ეტაპზე, კიდევ 3 ჰოლივუდური ფილმის საქართველოში გადაღებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.