უჩვეულო პროტესტი სენაკში – შვილი 3 დღის წინ გარდაცვლილ დედას არ კრძალავს. 73 წლის ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია დედის გარდაცვალებაში აბაშის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს.
რამაზ გოგია ამბობს, რომ დედამისი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, მას პნევმონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰაერის უკმარისობა და არითმია ჰქონდა.
ექიმები აცხადებენ, რომ კლინიკაში შესვლის შემდეგ მას არითმია მოუხსნეს, რამაზ გოგია კი ეჭვობს, რომ დედამისისთვის წამლები არ უნდა გაეკეთებინათ. აბაშის საავადმყოფოში მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ქალი ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით, მე-5 დღეს გარდაიცვალა.
ოჯახში სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ, მათ რამაზ გოგიას კორონავირუსის გამო მოქმედი დაკრძალვის წესები გააცნეს. რეგულაციების კომისიამ მოკვლევა ჩაატარა კლინიკაშიც, თუმცა ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.
ჯერ უცნობია როდის დაკრძალავენ გარდაცვლილს.









