დღეს ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელლო პალომბი ეწვევა. ცნობილი საოპერო ტენორი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:30 საათზე ჩამოფრინდება. სტუმარს აეროპორტში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდება.
საერთაშორისო კლასის მომღერალს ანტონელლო პალომბის ნამღერი აქვს ევროპის, ამერიკის და სხვადასხვა ქვეყნების თეატრებში, გამოირჩევა ძლიერი ხმით, არტისტიზმით. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ასაკში ანტონელლო პალომბო კარაბინიერი იყო, გადარჩენილი ჰყავს რამდენიმე ბავშვი, რის გამოც დაჯილდოვებულიც არის.
ანტონელლო პალომბი 9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის“ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, რომლებიც ქუთაისში ხვალ ჩამოვლენ.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.