ქვეყნის კიდევ ერთი წერტილი მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა – ჩაიკეტა ბოლნისის რაიონის სოფელი გეტა. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევებია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები როგორც სოფლის გარე პერიმეტრს აკონტროლებენ, ასევე გადაადგილებიდან უშუალოდ სოფელში და მოსახლეობას შეკრებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ასევე, სამართალდამცველები მათ თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დაცვას სთხოვენ.
თუმცა, არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას სოფელში კორონავირუსის არსებობის არ სჯერა და ისინი სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის ინფორმაციით, სოფელ გეტასა და მუშევაში მოსახლეობის კვლევა კორონავირუსზე მასობრივად დაიწყება და მომდევო დღეებში უფრო ნათლად გამოჩნდება, რა ვითარებაა ამ მიმართულებით.
“ახლა დაიწყება მასიურად აღება ბიოლოგიური სინჯების და გვიჩვენებს ხვალინდელ და ზეგინდელი დღე, თუ რა მდგომარეობა გვექნება ამ სოფლებში. გეტაში გამოვლენილია და მუშევანში ნაწილი ოჯახის კონტაქტებია, ნაწილი უცნობი. დისტრიბუციები პროდუქტების და სამედიცინო თვალსაზრისით რაც საჭიროა, ყველაფერი რაც იყო დღემდე, ისე გრძელდება მუშაობა,“ – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.
მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 17 ახალი შემთხვევაა, აქედან 8 სოფელ გეტაშია, 9 კი სოფელ მუშევანში.
გეტა დილის 6 საათიდან სრულ იზოლაციაშია. ადგილზე უკვე განალაგეს საპოლიციო და თავდაცვის ძალები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას გააკონტროლებენ.
rustavi2.ge










