მდინარე ეკუთვნის ხალხს, ოდაბადე არ იყიდება, ბალდას არ დავთმობთ, მშენებლობა უნდა შეჩერდეს – ამ ლოზუნგებით მარტვილში, ბალდის კანიონის გადასარჩენად აქცია-მსვლელობა მოეწყო. სეფელ ბალდას მოსახლეობის ნაწილი კვლავ აპროტესტებს დაცული ტერიტორიების მიერ ბალდის კანიონზე დაწყებულ მშენებლობას.
“სოფელი გაგვიყიდეს, ჩვენ ამათ მონებად და მუშებად ვუნდივართ” – ამბობს აქციის მონაწილე. როგორც სოფლის მკვიდრი მოსახლეობა აცხადებს მათთან ბალდის კანიონის მოწყობის საკითხზე შეხვედრები არავის გაუმართავს.
აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ბალდის კანიონზე დაწყებული სამუშების დაუყოვნებლივ, სასამართლოს დასრულებამდე, შეჩერება. ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა ქალაქის მერიას მიმართეს და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებთან დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ მარტვილის მერის მოადგილე ჩავიდა. როგორც ალექსანდრე ხურცვილავამ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, მერიას არ აქვს უფლებამოსილება მშენებლობაზე სამუშაოების შეჩერების ბრძანება გასცეს და რომ ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს.
ამ განცხადებამ აქციის მონაწილეებში უკმაყოფიელბა გამოიწვია. როგორც მათ აღნიშნეს სოფელი არ გაჩერდება და თუ საჭირო იქნება პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავენ.
“მიუხედავად იმისა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილება აქვს შეაჩეროს სამუშაოები, მათ ეს არ გააკეთეს. ბოლომდე ცდილობენ საკუთარი შეცდომა დამალონ. სამწუხაროდ იჩენენ სიმხდალეს და არ აღიარებენ დანაშაულს. ამასობაში კი ვუყურებთ, თუ როგორ ნადგურდება ჩვენი საყვარელი ადგილი. ყველამ ვნახეთ, მათმა მოქმედებამ უკვე შეიწირა ერთი შველის სიცოცხლე. რამდენჯერმე უკვე მოგვატყუეს, მაგრამ ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი ვიცით, არაფერი დაიმალება. სასამართლოს პარალელურად ვიწყებთ ფართომასშტაბიან მობილიზაციას.
ეს ბუნება ჩვენია, ეს მდინარე ჩვენია, ვერაფრით დავთმობთ იმას რაც ასე ძალიან გვიყვარს. ვიბრძოლებთ ზუსტად ისე, როგორც აბაშამ გვასწავლა! როცა საჭიროა ავდიდდებით! როცა საჭირო ვიხმაურებთ! ვიქნებით კამკამა და გამჭვირვალე! ცივი, მაგრამ სიცოცხლით სავსე! თუ მოგეჩვენათ რომ დინება შევწყვიტეთ, იცოდეთ რომ მიწისქვეშ ვართ ჩასულები რათა შავბნელი საქმეები მზის სინათლეზე ამოვიტანოთ! შემოვიერთებთ სხვა შენაკადებს და ერთიორად გავიზრდებით! Რაც მთავარია, არასოდეს გავჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ! მიზანი ერთია, სასწრაფოდ შეჩერდეს ბუნების განადგურება, გაუქმდეს უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებები!”- აცხადებენ “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წევრები.
აქციის მონაწილეებმა შეკრების დასრულების შემდეგ ავტომობილებით მსვლელობა გააგრძელეს. მათ მარტვილის სოფლები უნდა მოიარონ, რათა რაც შეიძლება მეტ ხალხს გააგებინონ თუ რა პრობლების წინაშე დგას სოფელი ბალდა და მარტვილი.
ცნობისთის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი 40-წლიანი იჯარით გასცა. ტერიტორია უკვე რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია და სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე გათვალისწინებულია ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი იქნება. ადგილობრივების ნაწილი ბუნებაში უხეშ ჩარევისა და ტერიტორიის დაბეტოების გამო უკმაყოფილებას გამოთგქვამს. მათი თქმით, მშენებლობა არღვევს ეკოსისტემას, ნებართვა კი გაიცა მათთან განხილვის გარეშე.









