დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა.
მან ამ სიტყვებით დაიწყო კონკრეტული შუამდგომლობის დაყენება, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას ეხებოდა. გვარამიას თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახმობილ უნდა იქნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გვარამიას პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, მოგვიანებით კი ის გააფრთხილა.
„სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, მეორეც, ეს არის ჯერ სარჩელი, აქ არაფერ შუაში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. ახლა დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით, თქვენ ვერ იქნებით განსაკუთრებული და განსხვავებული სხვებისგან და თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს“, – მიმართა ნადარაიამ.
მოსამართლის ამ შენიშვნას გვარამიამ რეპლიკით უპასუხა, რომ ეს არ არის საერთო სასამართლოები, სადაც მოსამართლეს ჩაქუჩის გამოყენებით შეუძლია პოლიტიკური განცხადებების გაჩერება.
„ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია და როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება“, – აღნიშნა გვარამიამ.
„მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, საერთოდ არ გამომიყენებია და მერე მეორე, მე არაფერი მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. ანალოგიურად ძალიან კარგად ვარჩევ კორექტულობას და არაკორექტულობას ერთმანეთისგან და ანალოგიური არაკორექტულობის შემთხვევაში თქვენზეც გავრცელდება იგივე. გაფრთხილებული ხართ უკვე“, – განაცხადა მოსამართლემ.










