„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, დაატოვებინეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან მთელი პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში იქნება გაძევებული.
მანამდე, ხატია დეკანოიძემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმის სახით დაიკითხოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
„თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი? არ გაინტერესებთ, ჩვენი ქვეყანა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას მოაწერს თუ არა ხელს?“ – მიმართა პლენუმს დეკანოიძემ.
ამ განცხადებების გაკეთების შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, დეკანოიძე დარბაზიდან გაეყვანათ. როგორც მან აღნიშნა, დეკანოიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
„ქალბატონი ხატია დეკანოიძე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლო სხდომის განკარგულების მითითებებს, გაძევებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გაძევებული ბრძანდებით“, – მიმართა რეზო ნადარაიამ.
თავის მხრივ, შუამდგომლობის დასაბუთების დასრულება მოითხოვა ხატია დეკანოიძემ.
„რისთვის მაძევებთ, ბიძიან ივანიშვილის… დამამთავრებინეთ შუამდგომლობა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
სხდომის თავმჯდომარემ პოლიტიკოსს ასე მიმართა:
„შუამდგომლობას სხვა დააყენებს და თუ თქვენ შუამდგომლობის დასრულებაზე დარდობთ, მოიქეცით ისე, როგორც უნდა მოიქცეთ სასამართლოში. გაიყვანეთ დარბაზიდან. მთელი ამ პროცესის მომდინარეობიდან ქალბატონი მოსამართლე იქნება გაძევებული თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობას მის დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.










