სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოფიციალური განცხადებები მიხეილ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით ექიმებს არაკეთილსინდისიერ მდგომარეობაში აყენებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. ლომჯარია აღნიშნავს, რომ ექიმები აფიქსირებენ, რომ საკვები დანამატის მიღება კვება არ არის, ხოლო ოფიციალური პირები საპირისპიროზე საუბრობენ.
სახალხო დამცველი სხვა მოშიმშილე პატიმრების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საკვები დანამატის მიღებით შიმშილობის ფორმას არ არღვევენ.
“მიხეილ სააკაშვილი ამბობს და თავად ექიმებიც ამბობენ, რომ ეს არ წარმოადგენს საკვებს.
თუ ეს არის საკვები და ვინმე იტყვის, რომ ეს არის საკვები, მაგალითად, მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო საკვები. მაშინ გამოდის, რომ ექიმები მოიქცნენ არაეთიკურად.
ანუ, პროფესიული ეთიკა დაარღვიეს და შეიყვანეს შეცდომაში [მოშიმშილე]. არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ჩანს ნებისმიერ შემთხვევაში, არამარტო მსოფლიოში, საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმარს ჰქონდა გამოცხადებული შიმშილობა თვეების განმავლობაში.
ბუნებრივია, რაღაც დამატებით ელემენტებს რომ არ იღებდე, შეუძლებელია თვეების განმავლობაში იყო სრულ შიმშილობაზე.
ეს არ არის გამონაკლისი პრაქტიკა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ექიმებმა მსგავსი ტიპის მიდგომა გამოიყენონ სხვა პატიმრებთან მიმართებითაც.
ამიტომაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა პატიმრებისთვისაც, რომლებიც შიმშილობენ და სწამთ, რომ ისინი არ იკვებებიან.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომელიც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.










