მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) მსოფლიოში ტურიზმის საქტორის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის „მოგზაურობა და ტურიზმი: კონკურენტუნარიანობა 2019“ – თანახმად საქართველო 68-ე ადგილს იკავებს და მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 140 ქვეყანაში ტურიზმის განვითარების დინამიკას მოიცავს, ორი პოზიციით დაწინაურდა. 2017 წლის რეიტინგში საქართველოს 70-ე ადგილი ეკავა.
კვლევის თანახმად, 1-დან 7-მდე ქულათა გრადაციაში საქართველომ 3,9 ქულა მიიღო. რეიტინგში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებიდან საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი (39-ე ადგილი) უსწრებენ.
კავკასიის რეგიონში საქართველო პირველ პოზიციაზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში სომხეთი 79-ე, ხოლო აზერბაიჯანი – 71-ზე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის TOP -10, სადაც ტურიზმი ყველაზე კარგად არის განვითარებული, ასე გამოიყურება:
1. ესპანეთი;
2. საფრანგეთი;
3. გერმანია;
4. იაპონია;
5. აშშ;
6. დიდი ბრიტანეთი;
7. ავსტრალია;
8. იტალია;
9. კანადა;
10. შვეიცარია;
კვლევის თანახმად, ყველა ქვეყანამ შესაბამისი ქულა და რეიტინგში ადგილი კანონმდებლობის, გარემოს დაცვის, ჰიგიენის ნორმების დაცვის, მოგზაურობის, ტურიზმის პრიორიტეტებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მგზავრობის ფასების, ასევე, კულტურული სიმდიდრისა და უსაფრთხოების შეფასების შედეგად მოიპოვა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ანგარიშს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2019 წლის რეიტინგის პრეზენტაცია სამხრეთ აფრიკაში, ტურისტულ ქალაქ კეიპტაუნში შედგა.