საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქი – Army City”-ს მშენებლობა დაათვალიერა. კომპლექსი 1 050 სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2 022 წლის ზაფხულში დასრულდება.
“უკვე 28 კორპუსი არის აშენებული. ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ეს არის პირველი ფაზა, 1050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.
სამხედროები „ჯარის ქალაქში“ თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ, შიდა განვადებით ისარგებლონ.










