საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 68%-ს უმუშევრობა, ხოლო 67%-ს ეკონომიკური კრიზისი აწუხებს, – ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მთავარ პრობლემურ საკითხებს შორის შეხვდებით კონფლიქტებს, ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს.
საკითხები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ, ასე გამოიყურება:
- კონფლიქტები და ომები – 80%
- ტერორიზმი – 73%
- ორგანიზებული დანაშაული – 69%
- უმუშევრობა – 68%
- ეკონომიკური კრიზისი – 67%
- გლობალური ეპიდემიები – 61%
- პოლიტიკური არასტაბილურობა – 60%
- შესუსტებული დემოკრატია – 60%
- გაზრდილი უთანასწორობა – 57%
- ლტოლვილები – 54%
- მოსახლეობის დაბერება – 47%
- კლიმატის ცვლილება – 46%
- ჭარბი მოსახლეობა – 35%
- ხელოვნური ინტელექტი – 26%
ამასთანავე, საქართველოში კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მშობლების სახლიდან 18-21 წლის ასაკში გადასვლა ნორმად მიიჩნევა, თუმცა ქირის მაღალი ფასები და დაბალი ხელფასები ამას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.
„დამოუკიდებლობა მინდა, მაგრამ საქართველოში სტუდენტისთვის, რომელიც მუშაობს, უბრალოდ შეუძლებელია ქირის გადახდა“ – აცხადებს კვლევაში მონაწილე საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე: აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და კოსოვოში (გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუცია), ინტერნეტზე წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის 13 500-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით.










