საქარველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. მიმართვაში მოსამართლეები ყველას მოუწოდოებენ, შეწყვიტონ კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
“სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი,როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს.
ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.