სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა – ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს. ექიმები ხელფასის 100%-ით მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აანონსებენ. აქციის მონაწილეებმა დამსაქმებლებს დრო სამშაბათამდე მისცეს.
„დღეს, ჩვენ სასწრაფოს ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ. სასწრაფოში დასაქმებულები ხელფასის 100%-ით ზრდას ითხოვენ. ჩვენ წინა კვირას მინისტრის ორ მოადგილესა და დამსაქმებელთან შეხვედრა გვქონდა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალ მოდელს შეიმუშავებდნენ და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა. შესაბამისად, მათი ხელფასი გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ ეს დაპირება ვერ მივიღეთ. პირიქით, დასაქმებულები 12-საათიან ცვლაში გადაიყვანეს, რაზეც ისინი უარს გამოთქვამენ, არ აწყობთ ეს გრაფიკი, რადგან უფრო მეტი დატვირთვა უწევთ. შესაბამისად, სამსახურში უფრო მეტჯერ უნდა მივიდნენ, მაგრამ ხელფასი იგივე რჩებათ.მოთხოვნაა ხელფასების ზრდა“, -განაცხადა ამირანაშვილმა.
ადგილზე აქციის ორგანიზატორებმა ხელფასის 100%-იანი ზრდის მოთხოვნით წერილი შეადგინეს, რომელსაც ადგილზე აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს. მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს და ჯანდაცვის მინისტრს გადაეცემა.