რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.
ამას პირველმა ყურადღება მიაქცია რუსული გამოცემის, Медиазона-ს ჟურნალისტმა დმიტრი ტრეშჩანინმა.
ამის შემდეგ, კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ, Агентство-მ შოიგუს ბოლოდროინდელ აქტივობებს გადახედა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი საინფორმაციო გამოშვებებში ბოლოს გამოჩნდა 11 მარტს, როცა სამინისტრო იუწყებოდა შოიგუს და თურქეთის თავდაცვის მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ და იმავე დღეს გაავრცელა ვიდეოც, რომლის თანახმად, შოიგუ ერთ-ერთ ჰოსპიტალში აჯილდოებს „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე რუს სამხედროებს.
18 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის შოიგუს, თუმცა, შესაბამისი ვიდეო, ან ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია. იმავე დღეს რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აჯილდოებს 18 მარტს, თავდაცვის მინისტრი სამხედროებს, თუმცა, კადრები ემთხვეოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს გავრცელებულ ვიდეოს.
Агентство-ს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ნაცნობმა უთხრა, რომ სერგეი შოიგუს გულის პრობლემები აქვს. გამოცემამ თავდაცვის სამინისტროსგან კომენტარის მიღება ვერ შეძლო.










