რომელი ქვეყანაც უფრო იაფ ელექტროენერგიას შემოგვთავაზებს, რა თქმა უნდა, იმ ელექტროენერგიას მიიღებს ქვეყანა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რატომ არ ვწყვეტთ სანქციების შემდეგ, რუსეთთან ელექტროენერგიის შემოტანასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას.
მისივე თქმით, ხელისუფლება ელექტროენერგიას იმ ქვეყნიდან ყიდულობს, რომელიც საუკეთესო ფასს სთავაზობს, ვინაიდან საბოლოო ჯამში, ამ ელექტროენერგიის გადასახადს მოსახლეობა იხდის.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგია შემოვიტანოთ. ეს არის: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რა თქმა უნდა, რუსეთი. ყოველთვის, ჩემი მინისტრობის დროსაც, ელექტროენერგიის შემოტანა იმ ქვეყნებიდან ხდებოდა, რომელიც ქვეყანას საუკეთესო ფასს სთავაზობდა. შესაბამისად, ახლაც იმ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ელექტროენერგიის გადასახადს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იხდის. ამიტომ, რომელი ქვეყანაც უფრო იაფ ელექტროენერგიას შემოგვთავაზებს, რა თქმა უნდა, იმ ელექტროენერგიას მიიღებს ქვეყანა“, – განაცხადა კალაძემ.










