აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჯერ უცნობია და ამას შეიძლება კვლავ რამდენიმე დღე დასჭირდეს. ამ დროისთვის ასევე, უცნობია 5 შტატის – ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მონაცემები. CNN-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 253 ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს – 213, The Guardian-ის ცნობით კი, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს – 214. როგორც ვხედავთ, ამ დროისთვის “დემოკრატების” კანდიდატი ლიდერობს, თუმცა დონალდ ტრამპს გამარჯვების შანსი კვლავ აქვს. ცნობისთვის, რომელიმე კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებულად რომ გამოცხადდეს, მან ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა უნდა მოიპოვოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნევადას შედეგები 12 ნოემბრამდე არ იქნება ცნობილი. ამის შესახებ შტატის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჯონ გლორიამ განაცხადა. “რესპუბლიკელები” ნევადაში საარჩევნო პროცესისას დარღვევებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, 3 ათასზე მეტი დარღვევა აღმოაჩინეს და გენერალურ პროკურატურას შესაბამისი საჩივრები გაუგზავნეს.