წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის შესაძლო კ ა ნ ო ნ ი ე რ ი გამოყენების გარემოებები (გაეროს ნორმები):
7.7.2 ზოგადად, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მ ხ ო ლ ო დ ს ე რ ი ო ზ უ ლ ი საზოგადოებრივი უწესრიგობის სიტუაციაში, როდესაც სახეზეა სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი. აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წყლის ჭავლის გამოყენება უნდა დაიგეგმოს ფრთხილად და უნდა იყოს მართული მკაცრი ბრძანებისა და ზედა რგოლის კონტროლის ქვეშ.
სპეციფიკური რ ი ს კ ე ბ ი
7.7.3 წყლის ჭავლი არ უნდა იყოს გამოყენებული ამაღლებულ ადგილებზე მყოფი პირების წინააღმდეგ, სადაც მნიშვნელოვანი მეორადი დაზიანების რისკია. სხვა რისკები მოიცავს ჰიპოთერმიას (გადაციება), ცივი წყლის შოკს ცივ ამინდში (განსაკუთრებით, როდესაც წყალი არ არის გამთბარი), მოცურების ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებზე ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქების რისკს. ზოგიერთ წყალსატყორცნს განურჩეველი შედეგები აქვს პირთა ჯგუფისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ კონკრეტულ პირებზე მიზანმიმართული მოქმედება.
წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის პოტენციურად უ კ ა ნ ო ნ ო გამოყენების გარემოებები
7.7.4 წყლის ჭავლი არ უნდა იყოს დამიზნებული პირზე ან პირთა ჯგუფზე ახლო მანძილიდან, სამუდამო სიბრმავის ან მეორადი დაზიანებების რისკების გამო, რადგან წყლის ჭავლი ენერგიულად ზემოქმედებს მათზე. ის ასევე არ უნდა იყოს გამოყენებული თავისუფლებაშეზღუდული პირების ან იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლიათ გადაადგილება.
წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დაზიანებებსა და რისკებზე გაფრთხილებებს შეიცავს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მიერ გამოცემული გზამკვლევიც, სადაც ნათქვამია, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული კონტექსტუალური ფაქტორები, განსაკუთრებით ცივ ამინდში და ისეთ ადგილებში, სადაც ხალხის გაფანტვა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო.
ამავე გზამკვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას შეიძლება ადამიანს დაუზიანდეს თვალი ან, მეორეულად, დაცემის და მიხეთქებისას მიიღოს თავის ტვინის დაზიანებები, სისხლჩაქცევები ან ნეკნის მოტეხილობები, წყლის ჭავლის არაპროპორციული გამოყენება შეიცავს დისკრიმინაციული მოპყრობის ან კოლექტიური დასჯის იარაღად ქცევის რისკებს.










