ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგუილობრივების თქმით სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ე.წ პასაჟში არსებულ ბიზნეს ობიექტებს კი მუშაობაში ხელი ეშლებათ. როდის დასრულდება ფასადებისა და პასაჟის რეაბილიტაცია კითხვით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ. მათი თქმით სამუშაოები თვის ბოლოს უნდა დასრულდეს:
“ფალიაშვილის ქუჩის #35-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე (ე.წ. პასაჟები) მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს გარე ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, შენობის დათბუნებას და მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებას, ასევე, ფანჯრების გამოცვლას და აივნების მოწყობას. სამუშაოებს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კონტრაქტორი (შპს „დაგი“) აწარმოებს.
სამუშაოების დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორს შეკვეთილი აქვს გარე მოსაპირკეთებელი მასალები და სამუშაოები მასალების მიწოდების შესაბამისად დათქმულ ვადაში დასრულდება.” – ნათქვამია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ “მეგა ტვ-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით ფასადების რეაბილიტაცია განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში დაიწყო. პროგრამა არის 4 წლიან, რომლის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარი იქნება და მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს.









