როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს, ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში, ან მოკვლას უპირებს მას.
ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
შხამიან გველს აქვს ორი კბილი, რომლებშიც მოთავსებულია შხამი. გველის შხამიანი კბილები მოძრავია. დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა, ხოლო პირის გაღებისა ან კბენის დროს ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის. კბენისას ის ორგანიზმში დაახლოებით ნახევარ მილილიტრ შხამს უშვებს. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას, ერთმანეთისგან დაახლოებით 1 სანტიმეტრის დაშორებით, რჩება ორი წერტილი ნამგლისებური ჩანაჭდევებით, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – რამდენიმე, თუმცა ორი წერტილი შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც იყოს.
ნაკბენ არეში კბენისთანავე იწყება ძლიერი ტკივილი, წვა, მცირე სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება და სილურჯე. შეშუპებამ შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს სისხლძარღვებსა და ზოგადად, ქსოვილებზე და გამოიწვიოს მათი კვდომა, რაც ინტოქსიკაციას უფრო მეტად გააძლიერებს. ზოგადი სიმპტომებიდან აღინიშნება აღგზნება, შიშის შეგრძნება, ძლიერი ნერწყვდენა, ტკივილი მუცლის არეში, სუნთქვის გაძნელება, პულსის მომატება, წნევის ვარდნა, რასაც შესაძლოა, გონების დაკარგვაც მოჰყვეს.
გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე.
გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები.
ჰერპეტოლოგი [ქვეწარმავლების სპეციალისტი] განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მას გველი უკბენს:
„ხალხში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მითები, რომ უნდა მოხდეს შხამის ამოწოვა, ლახტის დადება, ნაკბენის ადგილის გადასერვა და მსგავსი რაღაცები, რაც აბსოლუტურად არ არის რეკომენდებული. ერთადერთი, აუცილებლად უნდა დავწვეთ ჰორიზონტალურად, უნდა მივიღოთ ბევრი სითხე – წყალი და დავრეკოთ 112-ში და დაველოდოთ ექიმს, რომელიც შემდეგ მკურნალობის პროცესებს წარმართავს,“ – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, მათგან 4 შხამიანია. გეოგრაფიული მხარეების მიხედვით, საფრთხის წინაშე, ძირითადად, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებლები არიან.
წყარო: TV25.GE










