ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულის სანაპიროსთან, იპოვეს ახლადდაბადებული ზვიგენი, რომლის სახეობაც, როგორც წესი, მხოლოდ ოკეანის ფსკერთან ახლოს ბინადრობს. ქიმერა, რომელსაც მოჩვენება-ზვიგენსაც ეძახიან, წყლის ზედაპირიდან 1,2 კილომეტრის სიღრმეში იპოვეს, – ამის შესახებ BBC წერს.
„ღრმა წყლის სახეობები, როგორც წესი, ძნელად მისაკვლევია. მოჩვენება-ზვიგენები განსაკუთრებით იდუმალნი არიან. ამიტომ, მათ ხშირად ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის წევრმა, ბრიტ ფანუჩიმ.
ზვიგენის ამ სახეობის ემბრიონები ზღვის ფსკერზე, კვერცხის გარსში ვითარდება და იკვებება იმ საკვებ ნივთიერებათა მარაგით, რომელიც თავად გარსშია.
როგორც BBC წერს, მოჩვენება-ზვიგენები ჩვეულებრივ ზვიგენებს არ ჰგვანან, თევზის სახეობას მიეკუთვნებიან. მათი ჩონჩხი ხრტილოვანია და არაა აგებული ძვლოვანი ქსოვილისგან.










