რობოტი ძაღლები ამერიკის სამხრეთ საზღვარზე სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამართულ წვრთნებში მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ ცდებმა წარმატებით ჩაიარა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ამ რობოტებს ამერიკის თავდაცვის ძალებში.
„სამხრეთი საზღვარი ადამიანისა და ცხოველებისთვის არასტუმართმოყვარე ადგილია და ამიტომაც გვსურს, რომ დანადგარები იქ წარმატებული აღმოჩნდეს. ჩვენი განყოფილება ავტომატიზებული მიწისზედა სათვალთვალო სატრანსპორტო საშუალებებზე მუშაობს – მათ AGSV-ებს ვუწოდებთ და რეალურად… ისინი რობოტი ძაღლები არიან“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის კვლევითი განყოფილების თანამშრომელმა, ბრენდა ლონგმა.
ზემოაღნიშნულ რობოტ ძაღლებზე ამერიკული კომპანია Ghost Robotics-ი მუშაობს – მათი ყველაზე პოპულარული მოდელი, Ghost Vision 60, სიმაღლეში 76 სანტიმეტრისაა, 32 კილოგრამს იწონის და ბატარეის ერთი დამუხტვით 12 კილომეტრს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ამ რობოტის მართვა დისტანციურადაც შეიძლება, ის, უმეტესწილად, ავტონომიურია. ამასთანავე რობოტი ძაღლები თერმული და ღამის ხედვის კამერებითა და დამატებითი მოწყობილობებით, მათ შორის იარაღებით არის აღჭურვილი.